12 მარტი 2025,   15:59
ვრცლად
"ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია და მისი ნდობა არ შეიძლება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია და მისი ნდობა არ შეიძლება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დროა ევროპამ ევროპული თავდაცვის კავშირი ააშენოს:

"აუცილებელია უკრაინის სამხედრო მარაგებში არსებული ხარვეზების შევსება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ უკრაინას არ ეხება - ეს ეხება მთელ ევროპას და მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო კომპლექსი ჩვენსას აჭარბებს. თუ რეალურად შევხედავთ სამხედრო ხარჯებს, კრემლი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ევროპა ერთად. საფრთხეების სპექტრი დღითიდღე უფრო ფართოვდება. ამ კიდევ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპას სჭირდება წინსვლა და ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც ლიდერებს გასულ კვირას წარვუდგინე. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვსურს გამოვიყვანოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი ფინანსური ბერკეტი, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება,"- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები