
"თანხები იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაში, თმის მოვლაში და ა.შ. მე ამ საქმეს ხალხის ფულის ჭამის საქმედ შევაფასებდი," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
"ფაქტია, სასამართლოზე დადასტურდა, რომ 9 მილიონი - ხალხის ფული იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან და არც მის რაიმე ტიპის უფლებამოსილების განხორციელებასთან. პირდაპირ, თანხები იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაში, თმის მოვლაში და ა.შ. მე ამ საქმეს ხალხის ფულის ჭამის საქმედ შევაფასებდი," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ხარჯები გაასაჯაროვა. უწყების ტექსტში ნათქვამია, "2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა." მათ შორის სასტუმროს მომსახურებისთვის დახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - მილიონ 400 ათასზე მეტი, ტრანსპორტით მომსახურებაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 ათას ლარამდე.