
9-წლიანი პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს და 300 000-ლარიანი ჯარიმა თეიმურაზ ჯანაშიას - საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობს.
"სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობდა და პროკურატურა ცალმხრივად, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართა დაინტერესდა, როგორ იხარჯებოდა თანხები და რა ფორმით. ბუნებრივია, რომ ამ საკითხის მსჯელობაში საერთოდ არ შევალ, იმიტომ, რომ მათ მარტივად შეეძლოთ ეჩვენებინათ, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს თანხა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს არც მიხეილ სააკაშვილს და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია," - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიების შეფასებას, "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობდა ფართომასშტაბიანი კორუფცია.
"ეს საქმე პირდაპირ უკავშირდება იმ ელიტურ კორუფციას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებობდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად ვერ დავარქმევდი ამ საქმეს "პიჯაკების საქმეს." გაცილებით დიდი მასშტაბის კორუფციასთან გვქონდა, სამწუხაროდ, საქმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ხარჯები გაასაჯაროვა. უწყების ტექსტში ნათქვამია, "2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა." მათ შორის სასტუმროს მომსახურებისთვის დახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - მილიონ 400 ათასზე მეტი, ტრანსპორტით მომსახურებაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 ათას ლარამდე.