12 მარტი 2025,   15:57
ვრცლად
"ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს" - მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე

"რუსებს არ შეუძლიათ დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ," - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, აუცილებელი იქნება რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში იმის განსაზღვრა, თუ რისი დათმობა სურთ მათ.

"ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. აუცილებელი იქნება რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში იმის განსაზღვრა, თუ რისი დათმობა სურთ მათ", - განაცხადა მარკო რუბიომ.

რამდენიმე საათში, ჯიდაში ამერიკის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა იწყება. საუდის არაბეთშია ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პარალელურად ქვეყანაში ვიზიტს მართავს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას მოლაპარაკებების იმედი აქვს, როგორც მშვიდობის მოახლოების, ასევე სამომავლო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ამერიკის დელეგაცია წარმოდგენილია იმავე შემადგენლობით როგორიც ერ-რიადში რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებისას იყო. საუდის არაბეთშია სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტიფ უიტკოფი.

დღის ამბები