15 იანვარი 2025,   23:31
ვრცლად
სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად, გადაყენებული პრეზიდენტი დააკავეს

სამხრეთ კორეაში გადაყენებული პრეზიდენტი დააკავეს. შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა. სასამართლომ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი სამი ბრალდებით გასცა. მას მართლმსაჯულება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, სამხედრო მდგომარეობის არაკონსტიტუციურ გამოცხადებას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ედავება.

დაკავების ორდერის აღსრულება სამართალდამცველებმა მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს. იოლის რეზიდენციაში გამთენიისას 200 პოლიციელი და ანტიკორუფციული ბიუროს 40 გამომძიებელი დაპირისპირების ფონზე შევიდა, რის შემდეგაც პრეზიდენტი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

რეზიდენციაში მისულ სამართალდამცველებს იუნ სოკ იოლის უსაფრთხოების სამსახური დაუპირისპირდა. შეტაკებები იყო სასახლის გარე პერიმეტრზეც სადაც ათასამდე პოლიციელი- გადაყენებული პრეზიდენტის მხარდამჭერები და მოწინაარმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაშავდა 11 ადამიანი.

თავად იოლმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ძალადობის და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით დაკავების მოთხოვნას დაემორჩილება, იმის მიუხედავად რომ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავების პირველი ოპერაცია 12 დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. 14 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადების ბრალდებით იმპიჩმენტი გამოუცხადა, ანტიკორუფციულმა ბიურომ კი დაკავების ორდერი გამოსცა, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. იუნ სოკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც სასამართლოს რვაწევრიანი კოლეგიიდან, სულ მცირე, ექვსი წევრი მის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები