15 იანვარი 2025,   23:31
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის ბათუმის "შერატონში" - თავდასხმა თუ აუცილებელი მოგერიება

ინციდენტი, რომელიც სასტუმრო "შერატონში" მოხდა - გიორგი გახარიას ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი და ტვინის შერყევა აქვს. კადრები, რომელიც ბათუმის "შერატონში" მომხდარ ინცინდენტს ასახავს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა. სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძეს შორის გვიან ღამით მოხდა.

კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირპირება გახარიას მხრიდან დაიწყო. შემდეგ უკვე მასალაში ჩანს ოპოზიური პარტიის დაშავებული ლიდერი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკიდან მალევე გაეწერა. ექსპრემიერის თანაგუნდელები სასტუმროს კამერების სრული ჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვენ.

კადრების გავრცელებამდე ბათუმში მომხდარს საკუთარ "ფეისბუქზე" გამოეხმაურა თავად გიორგი გახარია. დაწერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, დეტალებზე საუბარი კი სამომავლოდ დააანონსა. დილიდან პარტია "საქართველოსთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავა ამტკიცებდა, რომ ყოფილ პრემიერს მოულოდნელად 10 ადამიანი თავს დაესხა.

ტელეკომპანია "იმედის" მიერ კადრების გავრცელებამდე, ჩხუბში რაიმე ფორმით გიორგი გახარიას ჩართულობას გამორიცხავდნენ მისი ოპოზიციონერი კოლეგები. პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ გახარიას თავს დაესხნენ და პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.

პასუხისმგებლობას მომხდარზე თავად გიორგი გახარიას აკისრებს მმართველი ძალა.

ინციდენტის დეტალებზე დღეს უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა.

გახარია-სამხარაძის ინციდენტამდე სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაუპირისპირდნენ. როგორც თავად ყვება, მას შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" წევრებმა მიაყენეს, თუმცა ინციდენტი მალევე დაცვის ჩარევის შედეგად ამოიწურა.

ოპონენტები სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს დღეს მმართველი გუნდის წევრებმა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა ნებისმიერი სახის ძალადობა დაგმეს, თუმცა განმარტეს, რომ ბათუმში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო. პოლიტიკოსების აზრით, მსგავსი ინციდენტები ქვეყანაში არსებული ზოგადი ბულინგის კამპანიის გამოძახილია, რომელსაც, მათი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ახალისებს.

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი სრული ვიდეომასალა, რომ "შერატონის" დაცვის სამსახურს აქვს, ამაზე სასტუმროს ერთ-ერთმა მენეჯერმა უკვე ისაუბრა. კომპანია მზადაა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მასალები დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამარტლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

დღის ამბები