15 იანვარი 2025,   11:43
ვრცლად
რა მიზეზით თქვა უარი მოსამართლემ მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე - პოლიციელზე თავდასხმისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმე

ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2 საათიანი განხილვის დასრულების შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზეზები განმარტა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა სიტყვით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა. "ბათუმელების" დამფუძნებელმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის.

მედიამენეჯერის სიტყვამდე, სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები მოისმინა. პროკურორები მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ, აქცენტს კი განმეორებითი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეზე აკეთებდნენ. 100 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა სასამართლოს დაცვის მხარე.

სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ და "ბათუმელების" დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვდნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სოლიდარობის ნიშნად, ოპოზიციურმა არხებმა და ონლაინ მედიის ნაწილმა რამდენიმე საათით საღამოს რვამდე მუშაობა შეწყვიტა.

მზია ამაღლობელს მხარდაჭერა სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიის ლიდერებმაც გამოუცხადეს

ოპონენტებს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნებისმიერი სამართალდარღვევა , მათ შორის პოლიციელზე თავდასხმა, შესაბამისი სამართლებრივი პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს, ბათუმის სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ, 2 საათიანი შუალედით დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, მეორედ კი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. გამოძიება მას ბათუმის პოლიციის უფროსის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

დღის ამბები