15 იანვარი 2025,   11:31
ვრცლად
ძლიერი აფეთქება თბილისში, 1 დაღუპული და 4 დაშავებული - რა მოხდა ორთაჭალის დევნილთა დასახლებაში

ორთაჭალაში, ჩხეიძის 17 ნომერში მდებარე სახლში, აფეთქების ხმა დაახლოებით ღამის 12 საათზე გაიგეს. 9 სართულიან კორპუსში 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, უმეტესობა დევნილია. ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ აფეთქება მეოთხე სართულზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა, მათივე თქმით, სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები ღამითვე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. 12 წლის მოზარდი და 50 წლამდე ქალი მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. დაშავებულის მოსანახულებლად დღეს "ნიუ ჰოსპიტალში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე დღეს მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტებიც. თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევაც. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. კორპუსში მაცხოვრებლებმა დღეს ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს.

ორთაჭალაში შემთხვევის ადგილზე გვიან ღამითვე მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. კლინიკაში მოინახულეს დაშავებული პაციენტებიც.

ორთაჭალაში მომხდარ აფეთქებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები