15 იანვარი 2025,   11:17
ვრცლად
კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. საქართველოს საკითხებში, ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვიზიტი დაგეგმილ რეფორმებზე მოსაზრებების გასაცვლელად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

PACE-ს თანამომხსენებლები უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სტუმრებს, საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით არსებული ვითარება გააცნეს.

მონიტორინგის მისიის წევრებს, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გააცნობენ. შეხვედრა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეცდებიან საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოში ახალი არჩევნების საჭიროებაში დაარწმუნონ.

PACE-ს ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებაა. მმართველი გუნდისთვის დაგეგმილი შეხვედრა, სამომავლოდ თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელების მნიშვნელოვანი საშუალებაა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ვიზიტი მონიტორინგისთვის და ის არ უნდა იყოს განხილული, როგორც ლეგიტიმურობის ან რომელიმე მხარის შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის წევრები, აქციების დროს დაკავებული პირების მონახულებასაც გეგმავენ.

 

დღის ამბები