მსოფლიო ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინშია. უკრაინაში მშვიდობის გარანტად მიჩნეულმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ოვალურ კაბინეტში შესვლიდან ძალიან მალე ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. კიდევ ერთხელ თქვა, რომ ომის დასრულების სტრატეგია შემუშავებული აქვს და მისი ამოქმედება სწორედ პუტინზეა დამოკიდებული.
ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა დააანონსა რუსეთის პრეზიდენტმაც. კრემლი ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს ელოდება. პარალელურად, აღმოჩნდა, რომ მოსკოვში შტატების ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯები დიდ ინტერესს იწვევს.
ნატოსა და რუსეთის ურთიერთობასა და უკრაინაში კრემლის მარცხზე ისაუბრა ჯო ბაიდენმა, რომელიც ოვალურ კაბინეტში ბოლო დღეებს ითვლის. სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო პოლიტიკის შესახებ ბოლო მოხსენების დროს შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინმა ვერც უკრაინის დამორჩილება მოახერხა და ვერც ნატოს ერთიანობის დარღვევა.
სანამ თეთრ სახლში ახალი არჩეული პრეზიდენტი შევა, ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარების პარალელურად, თავიანთი სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ნატოს გენერალური მდივანი იმასაც კი ამბობს, რომ თუ თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ, რადგან საფრთხეებს ხედავს და აანალიზებს.
ევროპაში არსებული საფრთხეების ფონზე კიევში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. ბორის პისტორიუსის თქმით, მიზანი ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინისთვის ევროპიდან მკაფიო სიგნალის გაგზავნაა, რომ ნატოს მოკავშირეები მხარდაჭერას განაგრძობენ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტი კრემლისთვის კიევზე შეტევაზე უარის თქმის მიზეზი ვერ გახდა. საოკუპაციო ძალებმა იერიში დონეცკის ოლქზეც მიიტანეს. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე მოქალაქე დაიჭრა ხერსონშიც. სუმის ოლქზე რუსეთის შეტევის შედეგად კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მორიგი შეტევის შემდეგ ზელენსკიმ დახმარება ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს სთხოვა. ტელეფონით ესაუბრა ფრანგ კოლეგას და პირადად მაკრონთან განიხილა ფრანგი სამხედროების განთავსების შესაძლებლობა უკრაინის ტერიტორიაზე. კიევი ამას უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიად მიიჩნევს.
სანამ ზელენსკი მაკრონთან ერთად ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში განლაგების საკითხს განიხილავდა, კიევი რუსეთზე 2025 წლის ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას ახორციელებდა. ომის დაწყებიდან 1056-ე დღეს უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ოლქს - ტულას, სარატოვს, ყაზანს და ბრიანსკს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია დრონების იერიშის დროს ნავთობისა და გაზის უდიდესი საცავები აფეთქდა, ქალაქ ენგელსში კი, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო დაზიანდა.