"ქართული ოცნება" ჯო უილსონის მორიგ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა - დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად. კონგრესმენმა დაწერა, რომ ახალ პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა" და ირანის რეჟიმთან კორუფციული გარიგებების შესახებ ესაუბრა.
სახელისუფლებო გუნდში, უილსონის მხრიდან მსგავსი რიტორიკა არ უკვირთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ კონგრესმენი ჩინეთთან პარტნიორობის გამო საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა აკრიტიკებდეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავად დონალდ ტრამპმა გამოთქვა და საკუთარ ინაუგურაციაზე სი ძინ პინიც მიიწვია.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს შტატებთან პარტნიორობის პარალელურად სურს მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან, რომელსაც შუა დერეფნის პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. კონგრესმენმა უილსონმა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ- საქართველოში, როგორც საკვანძო ფუნქციის მქონე ქვეყანაში გარე გავლენების გაძლიერება არ უნდა დაუშვას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სწორად პოზიციონირება, რადგან ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობამ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩაანაცვლა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გეოპოლიტიკურ პროცესში ყველა ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებს და ჩინეთთან თანამშრომლობა ევროპის არაერთი ქვეყნის სურვილიცაა. ამ ფონზე თბილისში აცხადებენ, რომ ჯო უილსონი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ სუბიექტურია, რადგან ის ლობიზმითაა დაკავებული და კონკრეტული ძალების ინტერესებს გამოხატავს.
მმართველი გუნდი შეერთებული შტატების წარმომადგენლების და ევროპის ლიდერების ჩინეთში იმ ვიზიტებსაც იხსენებს რომელიც ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის ინტერესს ადასტურებს.პერუში ეკონომიკურ სამიტზე შედგა სი ძი პინისა და ბაიდენის შეხვედრა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად ჩავიდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპანეთის პრემიერი, იტალიამ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმას, დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთი მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.