15 იანვარი 2025,   23:50
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ვიზიტის მეორე დღეს მმართველი გუნდის წევრები შეხვდნენ - ევროპელ მონიტორებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტის მეორე დღე და შეხვედრა ხელისუფლებასთან. კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა დღეს ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, შემდეგ კი უმრავლესობის კიდევ ორ დეპუტატს.

ევროპელ მონიტორებს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ სტუმრებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ევროკავშირში გაერთიანება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები თბილისში ფაქტების დადგენის მისიით ჩამოვიდნენ. მთავარი საკითხია - როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას.

თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საუბარი სხვა თემებსაც ეხება, მათ შორის ჩატარებულ არჩევნებს და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარდება. ხვალ ევროპელი მონიტორები ოპოზიციას შეხვდებიან, თბილისში მიღებული ინფორმაციით კი, სტრასბურგში დაბრუნდებიან.

უმრავლესობის წევრებმა მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს. ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს უმრავლესობის სახელით შეხვდნენ და ისიც განმარტეს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ თბილისში ჩამოსულ უცხოელებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს, პარლამენტის საქმიანობას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას და ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

ქვეეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოსაზრებებს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრები ხვალ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგანაც მოისმენენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ასამბლეის წარმომადგენლებს ინფორმაციას იმ დარღვევებზე მიაწოდებენ, რის გამოც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

PACE-ს ვიზიტის მიზანი, საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებაა. მმართველი გუნდისთვის მონიტორინგის წევრების თბილისში ჩამოსვლა, სამომავლოდ თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელების მნიშვნელოვანი საშუალებაა.

საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიდან მიღებულ ინფორმაციას, ანგარიშის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

დღის ამბები