საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთი ამომრჩევლის მიერ, როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა გამორიცხულია.
შუალედური ანგარიშის შედეგების მიხედვით, პროკურატურამ ჩაატარა შესაბამისი ექსპერტიზებიც, 2 300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიღო მეხსიერების ბარათები, გამოკითხა 400-მდე პირი. უწყების ინფორმაციით, უმეტესობამ გამოძიებას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მტკიცებულება ვერ მიაწოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ გაყალბებაზე განცხადებები პრევენციულ ღონისძიებას ემსახურებოდა.
უწყების ინფორმაციით, გამოსაკითხ პირთა ნაწილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ნაწილმა კი მხოლოდ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა და პროცესზე თქვა, რომ მხოლოდ მასმედიაში გავრცელებულ ან მესამე პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. პროკურატურის შუალედურ ანგარიშს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ახალი არჩევნების შესახებ მათი ოპონენტების მოთხოვნაც და საპროტესტო აქციებიც ცრუ კამპანიას ეფუძნება და ეს პროკურატურის შუალედური ანგარიშითაც დადასტურდა.
გამოძიება, 30 ოქტომბერს, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და დღესაც გრძელდება. დამატებით დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა იმის დასადგენად განხორციელდა თუ არა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე.