
მოქმედებაზე გადადის დონალდ ტრამპი - ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ტონი უფრო და უფრო მკაცრდება.
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეუბნება, რომ გაბრაზებულია და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმება მოსკოვის მხრიდან ჩაიშლება - სანქციებით ემუქრება. ტრამპი, NBC News-ის ჟურნალისტთან ამბობს, რომ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს. "თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ნავთობზე იქნება 25%-იანი ტარიფი", - ამბობს პრეზიდენტი.
"მე ძალიან გავბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზი სწრაფად გაქრება, თუ ის სწორად მოიქცევა. მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც შეიძლება, არც იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა სახის ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი", - აცხადებს დონალდ ტრამპი.
მანამდე კი იყო ვლადიმერ პუტინის განცხადება, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე გააკეთა მინიშნებები და თქვა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ორგანოები არალეგიტიმურია და ქვეყანაში დროებით გარე მმართველობა უნდა დამყარდეს.
"ასეთი პრაქტიკა არსებობს და, პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა გაერო-ს ეგიდით შეერთებულ შტატებთან, ევროპულ ქვეყნებთან, რასაკვირველია, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან ერთად უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა, რათა იქ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს ქმედითუნარიანი, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა. შემდეგ უკვე მათთან დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ხელი მოეწეროს ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და რომლებიც იქნება სანდო და სტაბილური", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როდის ამოქმედდება რუსეთ უკრაინის ომის დასრულების ამერიკული გეგმა? ტრამპი პუტინთან საუბარს მომდევნო რამდენიმე დღეში გეგმავს - მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე კი უკრაინაში უკვე ომის 1130-ე დღეა.