
ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში - პარტიების გეგმები ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ფედერალისტები" არჩევნებში ჩართვაზე უარს აცხადებენ, "გირჩმა" კი წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულად გამოაცხადა. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენათა განვითარებას ელოდებიან.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, თვითმმართველობის არჩევნებზე პრიორიტეტული სხვა საკითხებია.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია.
"მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, როდესაც სინდისის პატიმრები არათუ გაათავისუფლეს, არამედ სინდისის პატიმრების რაოდენობა უფრო მეტად იზრდება, ამ მოცემულობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.