
ვინ მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას - რამდენიმე პარტიას, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", "ფედერალისტებსა" და "გირჩს" მკაფიო პასუხები აქვთ. ორი მათგანი უარს ამბობს არჩევნებში ჩართვაზე, ერთმა მათგანმა კი წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულად გამოაცხადა.
დანარჩენი პარტიები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენათა განვითარებას ელოდებიან.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე იფიქრებენ მაშინ, როცა ამის დრო იქნება, დღეს კი, მისი აზრით, ადგილობრივი არჩევნები საზოგადოების დაკვეთა არ არის.
"ქართული ოცნება" ცდილობს, ჩაითრიოს ოპოზიციური პარტიები თავის დღის წესრიგში და ვისაუბროთ იმაზე, ვინ მიიღებს ან არ მიიღებს მონაწილეობას. მანამდე, ბევრი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება განაპირობოს მონაწილეობა ან არმონაწილეობა, ამიტომ დღეს უნდა ვფოკუსირდეთ იმ დღის წესრიგზე, რომელსაც გვთავაზობს ქართული საზოგადოება. ვიმსჯელებთ მონაწილეობაზე მაშინ, როცა ამის დროს იქნება, დღეს ამაზე მსჯელობის დრო არ არის", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მათ მეტ შანსს მისცემს.
"ზოგადად, სულ საარჩევნო რეჟიმში ვართ - არჩევნებიდან არჩევნებამდე, ამიტომ წინასაარჩევნოდ რამე განსხვავებულს არ ვაკეთებთ, რისიც გვჯერა, იმას ვლაპარაკობთ. თუ რამე ცვლილება იქნება ჩვენს ტაქტიკაში და თუ რამე განსხვავება იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო რეჟიმისგან, იქნება ის, რომ ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა და ხალხის დაბნევის საშუალება არსებობდეს, ეს ალბათ ჩვენც მეტს შანს მოგვცემს და, ალბათ, ქართველ ხალხსაც", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.