
"მივესალმები აშშ-ისა და უკრაინის პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული.
"ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა", - დაწერა ემანუელ მაკრონმა X-ზე.
შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.