12 მარტი 2025,   17:12
ვრცლად
"უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა კიდევ უფრო მკაცრი იყოს ნარკოტიკების გამსაღებლებთან, რომლებიც შენელებული მოქმედების ბომბებს ავრცელებენ მომავალ თაობაში" - არჩილ გორდულაძე

საქართველოს პარლამენტი მასშტაბურ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობისთვის ემზადება, რომელიც ამ მიმართულებით კანონმდებლობის მაქსიმალურად გამკაცრებას ითვალისწინებს. სიახლე საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში დარეგისტრირდება.

ცვლილების მიხედვით, მცირე ოდენობის ნებისმიერი ნარკოტიკის გაყიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის რეალიზებას უტოლდება და ის, სასჯელის სახით, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელთან ერთად, ნარკორეალიზატორს ქონების ჩამორთმევაც ემუქრება. პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.

მმართველ გუნდში ინიციატივის დადებით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საკითხის ეფექტურად მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მომავალ თაობაზე იზრუნოს.

"უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა კიდევ უფრო მკაცრი იყოს ნარკოტიკების გამსაღებლებთან, რომლებიც შენელებული მოქმედების ბომბებს ავრცელებენ მომავალ თაობაში. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც სახელმწიფოს და ზოგადად მმართველ გუნდს ამ ყველაფერში მხარში დაუდგება, მათ შორის კერძო სექტორიც, რომ ყველამ ერთად, ერთ საკითხზე მოვახერხოთ შეთანხმება. აუცილებელია საქართველოს მომავალ თაობაზე ზრუნვა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები