
"ექსპერტთა", პოლიტიკოსთა და ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, 2024 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, ლარი გაუფასურებულიყო და სერიოზულ კრიზისი დამდგარიყო, მათივე მოწოდებით, ბიზნესს პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დაეყენებინა (ზოგიერთი აიყოლიეს მოტყუებით, ზეწოლით/დაშინებით, ბულინგით), - წერს "ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სინამდვილეში, ამ პერიოდში, EBRD-მა 2024 წლის სექტემბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლის ბოლოს გაზარდა 6 პროცენტამდე, Heritage Foundation-მა კი ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსში საქართველო დააწინაურა.
როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო სააგენტო მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკად შიდა და გარე პოტენციურ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ასახელებს, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
"მხოლოდ ფაქტები:
"ექსპერტთა", პოლიტიკოსთა და ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი 2024 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, ლარი გაუფასურებულიყო და სერიოზულ კრიზისი დამდგარიყო, მათივე მოწოდებით, ბიზნესს პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დაეყენებინა (ზოგიერთი აიყოლიეს მოტყუებით, ზეწოლით/დაშინებით, ბულინგით), ბიზნესები უნდა გაჩერებულიყო, ბიზნეს კომპანიების თანამშრომლები გაფიცულიყვნენ.
სინამდვილეში კი ამავე პერიოდში მოხდა შემდეგი:
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2024 წლის სექტემბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლის ბოლოს გაზარდა 6 პროცენტამდე (საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად შეამცირა მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი)
- ამერიკულმა ორგანიზაციამ Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსში საქართველოს დააწინაურა მათ შორის განსაკუთრებულად, ბიზნესის თავისუფლების, მთავრობის ხარჯების ეფექტიანობისა და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის მიმართულებით
- London Stock Exchange-ის მონაცემებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის (მათ შორის ორი კომერციული ბანკის აქციების ფასი საშუალოდ 27-46 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა
- თითქმის 170 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ ქვეყანაში 2024 წლის ბოლო კვარტალში, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, რაც ასევე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი 24.4 პროცენტით მეტია
- 2024 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით უმუშევრობა კვლავ შემცირდა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
- თითქმის მილიარდ დოლარს გაუტოლდა 2024 წლის მეოთხე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაც კვარტლის ჭრილში 10.3 პროცენტიანი ზრდაა (წლიური შემოსავალი კი სარეკორდო იყო)
- 62 მილიარდ ლარს გაუტოლდა 2024 წლის მეოთხე კვარტალში, ბიზნესის ბრუნვა (10 პროცენტიანი ზრდა), ხოლო პროდუქციის გამოშვება თითქმის 11 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
- 2024 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით სოლიდურადაა გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი
- ლარი მყარდება და ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა
რეალურად სია კიდევ გრძელია… თუმცა, აი, ამ მცირე ჩამონათვალიდანაც ნათლად ჩანს, თუ ვის უჯერებს და რა სურს ბიზნესს:
ბიზნესს სურს არა მოწოდებები დახურვის, გაფიცვის, მუქარის, შანტაჟის, დესტაბილიზაციის შესახებ, არამედ ბიზნესს სურს მშვიდობა, თავისუფალი, ბიზნესისადმი მეგობრული გარემო, სწორი, ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკის პროგნოზირებადობა, მუდმივი ღია დიალოგი მთავრობასთან და განვითარებაზე ორიენტირება.
ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო სააგენტო მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკად შიდა და გარე პოტენციურ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას/არასტაბილურობას ასახელებს. აი, ეს არის ის რაც არ უნდა დავუშვათ", - წერს გიორგი აბაშიშვილი.