
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მათი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.
კირცხალიას თქმით, ეს ადამიანები რეალურად გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ, ხშირად იცვლიან პოზიციას და არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც მათი დამოკიდებულება კვლავ შეიცვალოს.
"ისინი დამოუკიდებლად ვერასდროს იღებდნენ გადაწყვეტილებას - კოლექტიურ "ნაცმოძრაობაზე" და მის დანაყოფებზე მაქვს საუბარი. რაც მოდიდოდა დავალება მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ ყველა იმ დავალებას. თავისუფლად შეუძლიათ დღეს თქვან ერთი, ხვალ მეორე და მესამე დღეს გააკეთონ რადიკალურად განსხვავებული განცხადება ამ ორ დღესთან შედარებით.
მათ და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, დღევანდელი მოცემულობით სად არის მათი რეიტინგი. იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ერთხელ და საბოლოოდ მიხვდა ვისთან და რა ძალებთან ჰქონდა რეალურად საქმე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.