10 მარტი 2025,   06:13
ვრცლად
6-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელმაც საქართველოში ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს - რას გეგმავენ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის შემქმნელები და რა პროექტები განხორციელდება თბილისსა და გონიოში

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, დუბაი დაუნთაუნი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე, ელიტური საკურორტო ზონა - დუბაი მარინა, სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, ბიზნესცენტრები, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები - ეს იმ უძრავი ქონების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მფლობელიც კომპანია "ემაარ ფროფერთია".

ქალაქში, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, "ემაარ ფროფერთი" და "იგლ ჰილსი" ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიებია.

შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი – თბილისში, ხოლო მეორე გონიოში აშენდება.

მოჰამედ ალაბარი, დუბაის უმსხვილესი დეველოპერი და კომპანია "ემაარ ფროფერთის“ დამფუძნებელი, ქართული ენის შესწავლას მომავალშიც განაგრძობს. ის ამბობს, რომ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით ძალიან დაინტერესებულია.

მოჰამედ ალაბარმა "კურიერი P.S.-ს" დუბაიში უმასპინძლა, საკუთარი კომპანიის პოლიტიკა გაგვაცნო და დეტალურად გვესაუბრა საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე.

"ემაარ ფროფერთის" დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის კომპანია "იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში, დაახლოებით 800 ჰექტარ ფართობზე განახორციელებს საინვესტიციო პროექტებს. თბილისში, ფონიჭალაში, რეკრეაციული სივრცეები, კომერციული და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსები მოეწყობა. ჩაფიქრებულია, რომ შეიქმნება ახალი სავაჭრო-გასართობი თუ ბიზნესცენტრი, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფისი კი ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო ძლიერი უძრავი ქონების სექტორია.

გონიოში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობისთვის, იახტებისთვის, ბრენდირებული რეზიდენციების, კომერციული და გასართობი ზონებისთვის 250 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა გათვალისწინებული, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.

Emaar Properties/Eagle Hills-თან მოლაპარაკება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი საქართველოში არაერთხელ იმყოფებოდა. შეირჩა საინვესტიციო ლოკაციები. პროექტის განხორციელების მეორე ფაზაში კი, კომპანია საქართველოში წარმომადგენლობას დააფუძნებს. გარკვეული დრო იქნება საჭირო გენერალური დაგეგმარებისა და სანებართვო პირობების გასარკვევად. ერთი წლის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები ორივე ლოკაციაზე დაიწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ადგილზე, დუბაიში და აბუ-დაბიში გაეცნო საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების Emaar Properties - ის და Eagle Hills-ის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ერთ-ერთი მათგანია "ქრიკ ჰარბორი" საცხოვრებელი კომპლექსი - სკოლები, საავადმყოფოები, სკვერები,
გასართობი ცენტრები, საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად, სასტუმროები, საფეხმავლო გასასვლელით სანაპიროზე და დუბაის ცათამბჯენების ფონით.

ათასობით ადამიანისთვის, საცხოვრებელი სივრცის შექმნას, სულ რაღაც ოთხი წელი დაჭირდა.

კომპანია "იგლ ჰილსი", "ემაარ ფროფერთის" ქოლგის ქვეშ, მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს და მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიის პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს იმ ქვეყნის ადამიანური და ინტელექტუალი რესურსი, სადაც სხვადასხვა სახის ინვესტიცია ხორციელდება. საუბარია სამშენებლო, არქიტექტურულ და ურბანულ მიმართულებებზე. პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი არქიტექტორები, ინჟინრები და კომპანიები, რაც დამატებითი ბენეფიტია საქართველოს ეკონომიკისთვის.

"ბურჯ ხალიფა" მსოფლიოს უმაღლესი შენობა 828 მეტრი და 205 სართული. "დუბაის დაუნთაუნი" 1800 სავაჭრო ობიექტი, 35 ათასი სახლი მინიმუმ 90 ათასი მაცხოვრებლისთვის.

"დუბაი მოლი" - ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სივრცე, წელიწადში 100 მილიონი ვიზიტორი და უამრავი საერთაშორისო ბრენდი, გასართობ - კულტურული ატრიბუტიკით - ეს მაჩვენებლები, რომლებიც ნაწილობრივ ასახავს "ემაარ ფროფერთის" საქმიანობას, გვარწმუნებს, რომ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, ქვეყნის ეკონომიკას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დეველოპერულ კომპანიას შორის შეთანხმებას ხელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, 2025 წლის 27 იანვარს მოეწერა.

დღის ამბები