10 მარტი 2025,   05:50
ვრცლად
უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ - კათოლიკური ეკლესია ყოველდღიურად ელოდება სიახლეს პაპთან დაკავშირებით

რომის პაპი, რელიგიური ტრადიციის მიხედვით, პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია, 266-ეა, რომელმაც პაპის ტახტი დაიკავა.

ისტორიაში პირველი ლათინო-ამერიკელი პაპი ბუენოს აირესში, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ღარიბების უბანში დაიბადა.

პირველი შვილი იყო ხუთშვილიან ოჯახში. მამამისი, ჩრდილოეთ იტალიელი მიგრანტი, რკინიგზაზე მუშაობდა. ხორხემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ლაბორატორიაში. მანამდე კი, სწავლის საფასურის გადასახდელად, ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა. 1960 წელს გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და პარალელურად დაიწყო სწავლა ჩილეში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; ფილოსოფიასაც სწავლობდა;

1973-1979 წლებში, არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა "იესოს საზოგადოებას“ და ამავდროულად, კითხულობდა ლექციებს. მოგვიანებით გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ემოციებით შეხვდნენ არგენტინაში 11 წლის წინ მისი კათოლიკური სამყაროს წინამძღოლად არჩევას.

დიეგო მარადონას ქვეყანაში დაბადებულსა და გაზრდილს უყვარდა ფეხბურთი. როგორც თითქმის ყველა არგენტინელი, ისიც ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, ქომაგობდა დედაქალაქურ კლუბ "სან ლორენსოს". სპორტული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, პაპმა გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ დადიოდა მამასთან ერთად სტადიონზე და როგორ თამაშობდა თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ნაჭრის ბურთით.

მღვდლად 1969 წელს აკურთხეს. 1998 წლიდან, ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსად, 2001 წელს კი კარდინალი გახდა. არგენტინაში მისი მოღვაწეობის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და ახალი სამრევლოებიც გაიხსნა.

11 წლის წინ, წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული თეთრი კვამლი იმის მანიშნებელი იყო, რომ ვატიკანს ახალი პაპი ჰყავდა.

ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, აირჩია. პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი მაშინ 76 წლის იყო. ფრანსისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალ ათას მორწმუნეს მიესალმა.

რომის პაპის არჩევნებში, მსოფლიოს 48 ქვეყნიდან, 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს. 2013 წელს, ხორხე მარიო ბერგოლიო გამარჯვებულთა სავარაუდო სიის ხუთეულშიც არ იყო, თუმცა მან მეხუთე კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვება შეძლო და რომის პაპი გახდა. პაპი სულიწმიდის კარნახით ირჩევა, სწორედ ამიტომ ითვლება კონკლავი წმინდა რიტუალად.

რომის პაპი რომ გახდა, კარდინალმა ბერგოლიომ წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი დაირქვა. იმ წმინდანის, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით. ფრანსისკ პირველი, პირველია ამერიკის კონტინენტიდან, პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (741წ).

კარდინალი ბერგოლიო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე მის დანიშვნას და 2005 წელსაც, თავიც კი შეიკავა პაპობის კანდიდატად დასახელებისგან.

მოკრძალებული ცხოვრების წესი არც მაშინ შეცვალა, როცა რომის პაპი გახდა. გადაადგილდებოდა ავტობუსით და აკრიტიკებდა იმ სასულიერო პირებს, რომელთაც ექსტრავაგანტური ცხოვრების წესი ჰქონდათ. ტრადიციული ტანსაცმლის გარდა, პაპს უფლება აქვს, ატაროს წითელი ტყავის ფეხსაცმელი და ლეგენდარული "მეთევზის ბეჭედი". პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, მისი ბეჭედი ნადგურდება. ადრე ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ კარდინალებს საბუთებზე ბეჭდით დამოწმების პროცესი არ გაეყალბებინათ. პაპმა ფრანცისკემ ამაზეც უარი თქვა. ატარებს უბრალო ფეხსაცმელებს და მოოქროვილ ვერცხლის ბეჭედს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზეც და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობს. სასტუმრო კასა სანტა მარტას 201-ე ოთახში.

"კურიერი P.S.-ის" კამერამ რამდენიმე თვის წინ გადაიღო სასტუმრო, რომლის ერთ-ერთ ნომერშიც რომის პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა. პაპი რეზიდენციაში მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობენ. საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, რომის პაპს შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები იცავენ. ისინი დღემდე მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპატიო სამოსს ატარებენ.

პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. საუბრობს იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, საუბრობს ასევე ინგლისურად, ფრანგულად და პორტუგალიურად. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მსოფლიო პოლიტიკაში, მისი პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. პაპის მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს. პაპ ფრანცისკეს რამდენიმე განცხადება მსოფლიომ არაერთგვაროვნად შეაფასა, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმთან და ერთნაირსქესიანთან ქორწინებასთან დაკავშირებით.

ერთხელ ლოცვის დროს ატირდა კიდეც, ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინა ახსენა. ჯერ ხმა აუკანკალდა, შემდეგ სიტყვის გაწყვეტა მოუწია. პაპმა ლოცვის გაგეძლება, დაახლოებით, ნახევარი წუთის შემდეგ შეძლო.

ვატიკანში დუმილს ამ მოედანზე ახლა მხოლოდ მორწმუნეების ლოცვა ცვლის. ლოცვა რომის პაპის გადასარჩენად.

წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ადამიანები ყოველდღე იკრიბებიან და რომის პაპის გადასარჩენად ლოცულობენ. მორწმუნეები ლოცულობენ რომში "აგოსტინო ჯემელის" საუნივერსიტეტო კლინიკის წინაც, სადაც რომის პაპი მკურნალობს. ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება, სხეულის ტემპერატურის მატებისა და ჰაერის უკმარისობის გამო მიიღეს.

88 წლის რომის პაპის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. პონტიფიკოსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ორმხრივმა პნევმონიამ დაამძიმა და ახლა არსებობს სეფსისის განვითარების საფრთხეც. ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. როგორც "ბიბისი" წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ, მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ვირუსების მიმართ. ბრონქიტის გამო, რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს, ხოლო დეკემბერში, ავადმყოფობის გამო, მან ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, პაპი ფრანცისკე კამერების წინ არ გამოჩენილა. მედია წერს, რომ მსგავსი რამ 2013 წელს, მისი აღსაყდრების შემდეგ არ მომხდარა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაპმა მორწმუნეებს კლინიკიდანაც მიმართა.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ რომის პაპი გადადგომას აპირებს, თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება რომში 25 წლის იუბილეს გამო ერთი წლით გადავადდეს.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ფრანცისკე პნევმონიით არის დაავადებული, შვეიცარიულ გვარდიას კომენდანტის საათი დაუწესდა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა "Blick" იტყობინება. მედია წერდა, რომ რომის პაპის დაცვა შესაბამისი სცენარისთვისაც ემზადებოდა.

ვატიკანში ახალ პაპს კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგია ირჩევს. მას შემდეგ, რაც მოქმედი პაპი გადადგება ან გარდაიცვლება, შეკრებას კონკლავი (266 პაპიდან მხოლოდ 5 გადადგა) იწყებს. თუ კონკლავის ჩატარების მიზეზი პაპის გარდაცვალებაა, მაშინ პროცესი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება, რათა მანამდე შესაბამისად მოემზადონ დაკრძალვისთვის. ხოლო, თუ კონკლავი პაპის გადადგომას მოჰყვება, მაშინ კარდინალთა კოლეგიას შეკრება მალევე შეუძლია. ბოლო შემთხვევა, როდესაც პაპი გადადგა, იყო 2013 წელს, პაპმა ბენედიქტ XVI-მ დაკავებული ტახტი ასაკის გამო დათმო. კოლეგია, რომელიც პაპის მიერ ინიშნება, ძირითადად 115 წევრისაგან შედგება. მათი ასაკი არ უნდა შემონატროდეს 80 წელს, ვინაიდან თითოეული მათგანი პაპობის პოტენციური კანდიდატია.

კონკლავის დაწყების დღეს, კარდინალები სიქსტის კაპელაში შედიან და კარს შიგნიდან კეტავენ. მათ ჩამოერთმევათ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომლებიც მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ყოველი კენჭისყრის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი, თვალს ადევნებს სიქსტეს კაპელადან ამომავალ კვამლს. შავი კვამლის შემთხვევაში, კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო თეთრი კვამლი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ ამცნობს. კარდინალთა კოლეგიის მეთაური წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ლათინურად აცხადებს კონკლავის შედეგებს:

ამ დროისთვის, ვატიკანში პაპობის სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევა კარდინალი პიეტრო პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, სამოქალაქო ტერმინით ვატიკანის პრემიერ-მინისტრი. პაპის მერე მეორე ადამიანი ვატიკანის უმაღლეს იერარქიაში. პიეტრო პაროლინი, რამდენიმე წლის წინ, საქართველოსაც სტუმრობდა.

ვატიკანში თითქოს დრო გაჩერდა. კათოლიკური სამყარო ქრისტეს მოციქული პეტრეს მემკვიდრეს, რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი შედევრის აივანზე, ისევ ელოდება.

დღის ამბები