10 მარტი 2025,   06:24
ვრცლად
ვინ მოსინჯავს ძალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციიდან - წინ 7 თვეა, თუმცა კითხვის პასუხი ნაწილობრივ ბუნდოვანი რჩება

2025 საარჩევნო წელია. "ქართული ოცნება" მორიგი, მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. ვინ მოსინჯავს ძალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციიდან? - წინ შვიდი თვეა, თუმცა ამ კითხვის პასუხი ნაწილობრივ ბუნდოვანი რჩება. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილს პოლიტიკურ გზაჯვარედინზე, გზა არჩეული აქვს, ნაწილი კი ფიქრობს საით წავიდეს. ოპოზიცია საკუთარ სვლებსა და სცენარებს განიხილავს, "ქართული ოცნება" კი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების სტრატეგია ამომრჩევლების მოტყუების მორიგი მცდელობაა, მათ ელექტორატი აღარ დარჩათ და ეს თავადვეც კარგად იციან.

ოპოზიციურმა პარტიამ რომ ელექტორატი დაკარგა, ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა. იმან, რაც სახელში დაიწერეს, ვერ გაამართლა. "ერთიანმა - ნაციონალურმა მოძრაობამ" პირველი ოპოზიციური პარტიის პოზიცია დათმო. არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ კი ამბობენ, რომ ამ შემოდგომაზე მხარდაჭერების რაოდენობას აღარ დაითვლიან, თუმცა "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული და მერე ერთიანობაში დაბრუნებული "ევროპული საქართველოს" ლიდერი, თეორიებზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია შესაძლოა, საერთო სტრატეგიაზეც შეჯერდეს.

2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ლელო ვერც "ლელომ" დადო. პარტიის რეიტინგი 4 წლის წინ 2 პროცენტს გასცდა, 4 წლის შემდეგ კი საკუთარი რეიტინგის გაზომვა არც უკვე კოალიციად ქცეულ გაერთიანებაში უნდათ. მამუკა ხაზარაძის რიგებს ტოვებენ, დარჩენილები კი დათქმებზე საუბრობენ.

"ძლიერ საქართველოსთან" 8-თვიანი თანამშრომლობა ლევან ცუცქირიძემ დაასრულა. გახდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თემა პოლიტიკური გზების გაყრის ერთ-ერთი მიზეზი? - ამას დრო არჩევნებს, იქამდე კი ერთდღიან პარტიაში ამბობენ, რომ თუ კი მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, საარჩევნო მარათონზე მერე ისაუბრებენ.

ოპოზიციას გახარიას 12 სკამის სატირა აბნევს, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ისევ არ ამბობს, თუმცა მაინც ახალ არჩევნებს ითხოვს - საპარლამენტოს. ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ბედის ცდა და შედეგების დათვლა არ აშინებთ. არც იმას გამორიცხავენ, რომ რამდენიმე თვემ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს.

საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ამჯერად 4-იანს ეცდება "გირჩი". პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, კოლეგებს ურჩევს, საკუთარი პოზიციების ერთგულები დარჩნენ და გადაწყვეტილება არ შეცვალონ.

ოპოზიცია რომ პოზიციას შეიცვლის ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათი ოპონენტების გეგმები გარე ძალების კარნახზეა დამოკიდებული. პირველი კანონმდებელი ოპოზიციას ხალხის დაკვეთასაც ახსენებს, რომელიც, მისი თქმით, ოპონენტებმა არ გაითვალისწინეს.

2028 წლამდე, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, იქნება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია უარით, მორიგი მარცხისგან თავის დაზღვევას ცდილობს.

ის, ვინც პოზიციას შეიცვლის, სახელი ოპოზიციამვე მოუფიქრა - მოღალატე. ვინ უღალატებს საკუთარ ნათქვამს და ვინ ჩაწერს საკუთარი პარტიის სახელს საარჩევნო ბიულეტენში - ეს ცოტა ხანში გაირკვევა. 2025 წლის 4 ოქტომბერს კი 69 მუნიციპალიტეტის, მათ შორის 5 თვითმმართველი ქალაქის ბედი ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

დღის ამბები