
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა. კონფერენცია გაიმართა მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.
დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის რეგულაციებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე, რომელიც წარმოადგენს 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ მიზანს:
"6 მარეგულირებელი უწყების მიერ უკვე მესამედ იმართება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომლის ფარგლებშიც, ამჯერად მომხმარებელთან შეხვედრები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში. კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად ვხვდებით სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს, რათა მათ მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ. სემეკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. შესაბამისად, სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციები მიზნად ისახავს, რომ გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი, მომხმარებელმა მიიღოს მაღალი სტანდარტების შესაბამისი კომუნალური მომსახურება, ამასთანავე ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი უფლებები დაცულია და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის გადაცდომას, მომხმარებელს დაიცავს მარეგულირებელი კომისია", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლის განმავლობაში სემეკში განხილული საკითხები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სემეკის მიერ რეაგირების შედეგები:
"სემეკი მკაცრად რეაგირებს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მხოლოდ 2024 წელს სემეკმა მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარამდე ჩამოაწერა. ამასთანავე, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო კომპენსაციების სახით კომუნალურმა კომპანიებმა მომხმარებლებზე 1 მილიონ ლარამდ გასცეს. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს, დეტალურად შევისწავლით ყველა საკითხს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა სემეკის საქმიანობის გამჭვირვალობასა და ამ კუთხით, კომისიის მიდგომებს, ისაუბრა სტატისტიკის პორტალზე, რომელიც ხელს უწყობს დაინტერესებულ პირებს ერთიან სივრცეში მიიღონ საჭირო ინფორმაცია. კერძოდ, სტატისტიკის პორტალზე განთავსებულია დეტალური მონაცემები როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო-აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ.
10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების, საჯარო სექტორის, მარეგულირებელი კომისიების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.