
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას 10-12 მარტს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარკო რუბიოს მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნის განხორციელებას.
ჯიდაში ვიზიტის ფარგლებში, ის ასევე შეხვდება საუდის არაბეთის პრინცს, რათა აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები და რეგიონში საერთო ინტერესების საკითხი განიხილოს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო 12-14 მარტს უკვე კანადაში გაემგზავრება, სადაც "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება.
"მდივანი რუბიოს ჩართულობა გააძლიერებს აშშ-ის ინტერესებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და გლობალურ სტაბილურობაში. საუბარი შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ კონფლიქტებს, თანამშრომლობას აფრიკასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და სტაბილურობას დასავლეთ ნახევარსფეროში", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.