10 მარტი 2025,   06:03
ვრცლად
"პროფესიას სქესი არ აქვს" – ქართველი ქალები იშვიათ პროფესიებში

ავტოსერვისის კლიენტებს ქალი თანამშრომლის დანახვა ხშირად უკვირდათ. მანქანის ძრავის გასამართად მისულები, ძირითადად, კაც თანამშრომელს ელოდნენ. დღეს კი უკვე ბევრმა იცის, რომ მათ აქ მაკა დახვდება.

მანქანებისადმი ინტერესი ბავშვობიდან გამოჰყვა. მართვაც ადრე ისწავლა. საჭესთან ჯდომის პარალელურად, დაინტერესდა იმითაც, თუ როგორ უნდა მოეგვარებინა მანქანასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩააბარა კოლეჯში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთებას.

ძრავის პარალელურად, მშვენივრად გაერკვა საბურავებშიც. ამ არცთუ ისე იოლ სამუშაოსაც საკმაოდ კარგად ასრულებს და, რაც მთავარია, ხარისხიანად. თავიდან ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცის საქმეა და მალე მბეზრდებოდა. როგორც ჩანს, ცდებოდნენ.

ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რისი ინტერესიც აქვს. ასეა როგორც ტექნიკურ პროფესიებში, ასევე სპორტშიც. ქალთა ფეხბურთი ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად კი, ბევრ შიდა თუ საერთაშორისო ტურნირზე ქალ მსაჯებსაც ვხვდებით. ფეხბურთის არბიტრობა ქალებში ბევრად პოპულარული გახდა ბრაზილიელი, ფერნანდა კოლომბოს შემდეგ, რომელიც მთელმა მსოფლიომ ერთი პატარა ვიდეოთი გაიცნო.

როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მატჩებზე, უკვე ქართველ ქალ მსაჯთა ბრიგადებიც გამოჩნდნენ. მზეკო შარაშენიძე ერთ-ერთი პირველი იყო.

თამაშიც წინ, ფეხბურთელებზე ადრე, მინდორზე გასახურებლად მსაჯები გამოდიან. თამაშის დროს ფიზიკურად ყველა ფორმაში უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო მატჩია ეს, თუ მოზარდთა გუნდების შეხვედრა. როდესაც კაცების მატჩზე ქალები მსაჯობენ, ისინი ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ.

მატჩის წინ მსაჯებს მზადება აქვთ გასახდელშიც. ამოწმებენ ფორმას, არბიტრების ინვენტარს და, რა თქმა უნდა, მთავარი არბიტრისგან იღებენ მითითებებსაც.

წლების გამოცდილებამ მზეკოსაც და მის კოლეგებსაც ასწავლა ის, რომ შეუძლებელი არაფერია და სტერეოტიპი, რომ კაცების ფეხბურთზე მხოლოდ კაცმა უნდა იმსაჯოს, ნელ-ნელა ქრება.

ქართველ ქალთა სამსაჯო ბრიგადას ჩვენ კიდევ არაერთხელ ვნახავთ სხვადასხვა მატჩზე, მათ შორის საერთაშორისოზეც. მზეკომ "უეფაში" საკუთარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა.

დღის ამბები