
რამდენიმე საათში უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ელ-რიადში ელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკისაც, თუმცა ის მოლაპარაკებების შედეგებს კარს მიღმა დაელოდება. მინერალებზე შეთანხმება და ომის დასრულება - უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც ამ თემაზე ამერიკელებთან მოლაპარაკებებზე დაჯდება.
ვიდრე ზელენსკი მომლაპარაკებელთა ჯგუფს შექმნიდა, სპეციალური წერილით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მიმართვის შინაარსი თავად დონალდ ტრამპმა გაასაჯაროვა. ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმებაზე ხელმოწერის მზადყოფნა დაადასტურა.
შეთანხმების მიღწევამდე ვაშინგტონმა კიევს სამხედრო დახმარებაც შეუჩერა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც. შეერთებული შტატები უკრაინას აღარც სატელიტურ მონაცემებს უზიარებს. ანალიტიკოსების ნაწილი ამას "იძულების პოლიტიკად" აფასებს, რათა ტრამპის ადმინისტრაციამ ნებისმიერ ფასად წერტილი დაუსვას ომს, რომელიც უკვე სამი წელზე მეტია გრძელდება და ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ.
რა შედეგით დასრულდება უკრაინისთვის საუდის არაბეთის შეხვედრა? პროგნოზის გაკეთება ჯერ ყველას უჭირს. პროცესების განვითარებას სიფრთხილით ადევნებენ თვალს ევროპელი ლიდერები, მათთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილები ვერც ამჯერად გამოინახა. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკით შეშფოთებული ევროპა ახლა თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე ფიქრობს. შიშობენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა გახდეს. ამიტომაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებს, ბირთვული ქოლგა შესთავაზა.
მაკრონს კრემლიდან პირადად ვლადიმერ პუტინმა უპასუხა. რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას ისტორია შეახსენა, როდესაც რუსეთის იმპერიასთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტი ტახტიდან ჩამოაგდეს.
უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა რუსეთი კიდევ უფრო აგრესიული გახადოს, მისი სამიზნე კი პირდაპირ ევროკავშირი გახდეს - ამ დასკვნამდე გერმანიის დაზვერვაც, მას შემდეგ მივიდა, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ევროპულ ქვეყნებს ურჩია, საკუთარ თავდაცვაზე თავადვე ეზრუნათ.
ამ შიშის ფონზე, ევროპა თავდაცვის ხარჯებს ზრდის, პარალელურად კი ცდილობს, სამხედრო და ფინანსური დახმარება მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ფრონტის ხაზზე აგრესორის მოგერიებას ამ წუთებშიც ცდილობს. სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის მიუხედავად, გასულ 24 საათში რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და კომბინირებული იერიში მიიტანა დონეცკის ოლქზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დარტყმა გათვლილი იყო ისე, რომ მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ქალაქის ცენტრში გამოიყენეს რაკეტები და ე.წ. შაჰიდები. იერიშის ქვეშ მოჰყვა 9 საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრი და მაღაზიები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ევროპელ ლიდერებს უმყარებს რწმენას, რომ კრემლი მშვიდობისთვის არ ემზადება.
უკრაინაში მშვიდობა რაც შეიძლება მალე უნდა დამყარდეს - თეთრი სახლის ეს პოზიცია უცვლელია. ახლა მთელი მსოფლიო საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ელოდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, თუ რა განვითარება ექნება სამშვიდობო პროცესს.