
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბიუჯეტში 650 000 დოლარი გადაიხადეს, რითაც აღიარეს, რომ თაღლითები არიან.
პაპუაშვილის განმარტებით, დადასტურდა, რომ ანაკლიის პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა და, რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.
"ეს იყო თაღლითური სქემა წაუგებელი ბიზნესის, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. ამ პროექტში, სადაც მათ სახელმწიფომ ყველანაირად ხელი შეუწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, ისინი ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. თუ არ იქნებოდა მომგებიანი, ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა და შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მათი მიმდევარი წვრილ-წვრილი "ლელოს" თანამშრომლებისთვის, რათა ჰქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, შემდეგ დაიწყეს დავა და მოითხოვეს მილიარდ ნახევარი ხალხისგან და ბიუჯეტისგან.
წააგეს ყველა ინსტანცია საქართველოში და ბოლოს, არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, გაამტყუნა ხაზარაძეც და ჯაფარიძეც. სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდ ნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, პირიქით, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის 2 მილიონი ლარი. ამ საკითხსაც ყველანაირად გაურბოდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. თაღლითობის ამაზე მეტი აღიარება მე არ გამიგია. დადასტურდა, რომ ეს პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა, რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. მათ მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება და ფულის გადახდა. საბოლოო ჯამში, ასე მოუწევთ ყველაფრის აღიარება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.