10 მარტი 2025,   14:44
ვრცლად
"თბილისის მერის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, რომ ამაზე რაღაც ტიპის შეთანხმება იყოს ოპოზიციაში" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

რამდენიმე თვეში თვითმმართველმა ქალაქებმა ადგილობრივი ხელისუფლება - მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიონ.

არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება პარტია "გირჩი. კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის კენჭისყრაში ოპოზიციიდან? მკაფიო პასუხი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და ის უარზეა. დანარჩენი პარტიები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

პარტია "გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში არა თუ მონაწილეობას აპირებენ, არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ.

რაქვიაშვილი აქცენტს თბილისის მერის კანდიდატზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ ოპოზიცია აღნიშნულ კანდიდატზე შეთანხმდება, ურიგო არ იქნება.

"ცხადია, ჩვენ ვემზადებით. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გვქონდა რუსთავში შეხვედრები. ადგილობრივი არჩევნები ძალიან რთული არჩევნებია. ფაქტობრივად, 63 არჩევნებია ჩასატარებელი სხვადასხვა ოლქში სხვადასხვა ადამიანებით, ძალიან ბევრი რესურსია საჭირო და ამიტომ, წინასწარ, დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მომზადება. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია რა მოხდება ოპოზიციურ სპექტრში, იმიტომ, რომ არის მაგალითად თბილისის მერის არჩევნები, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, რომ ამაზე რაღაც ტიპის შეთანხმებაც იყოს ოპოზიციაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები