
რამდენიმე თვეში თვითმმართველმა ქალაქებმა ადგილობრივი ხელისუფლება - მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიონ.
ვინ მიიღებს მონაწილეობას ოთხი ოქტომბრის კენჭისყრაში ოპოზიციიდან? - ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და ის უარზეა.
დანარჩენი პარტიები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, 100 დღეზე მეტია ხალხი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
მისივე თქმით, ამ ფონზე გამორიცხულია, რომ მათმა პარტიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ამით საკანონმდებლო ხელისუფლება არ შეიცვლება.
"100 დღეზე მეტია ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხაზს ვუსვამ, რომ ახალ არჩევნებში ვგულისხმობთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. არ იცვლება ხელისუფლება იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ცვლის აღმასრულებელ საკანონმდებლო ხელისუფლებას. ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში გამოვრიცხავთ მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.