
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური შეხვედრები აშხაბადში დღეიდან იწყება. ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი უმასპინძლებს.
დღესვე შედგება საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
"დაგეგმილია შეხვედრები, ბუნებრივია იქნება მსჯელობა, როგორც არსებული თანამშრომლობით მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ეს შეხვედრები მოგცემს შესაძლებლობას, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. უმაღლეს დონეზე ტარდება აღნიშნული შეხვედრები, რაც შესაბამისი საკითხების არა მხოლოდ განხილვის, არამედ, კონკრეტული ნაბიჯების და ხელშესახები შედეგების მიღების კარგი წინაპირობაა," - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი თურქმენეთში გუშინ, უზბეკეთიდან ჩაფრინდა. ქართულ დელეგაციას აშხაბადის აეროპორტში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე დახვდა.