
საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.
დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები - კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რაც უფრო აქტიურ ფაზაში გადადის საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი რეაქციები იზრდება.
"რაც უფრო აქტიურ ფაზაში გადადის პროცესი, მით უფრო იზრდება პოლიტიკური ოპონენტების, რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი რეაქციები იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, სისტემურად დასტურდება ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც მათ მთელი წლების განმავლობაში, რომელიც უკავშირდება "ნაცმოძრაობის" რეჟიმს და შემდგომაც, განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ. კონკრეტულად ის თემები, რომლებიც იყო მიმოხილული გასული კვირის მანძილზე, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ომის თემატიკას, მეორე მხრივ - ბიზნესისრეკეტს, რა თქმა უნდა, არახალია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი კიდევ ერთხელ გახდა ხელის გულზე გამოტანილი და გაჟღერებული. ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს განგრძობად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, განგრძობად დანაშაულებთან და ეს მოითხოვს უკვე იმას, რომ არ შემოიფარგლოს კომისიის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ 2003-2012 წლებით", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.