
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ შინდისში, ფიზიკური პირი ბაადური მეზურნიშვილის კუთვნილ ობიექტზე, გამოავლინეს ცხოველთა არალეგალური სასაკლაო, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სანიტარული-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით. შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება - ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.