
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ლევან სანიკიძე ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდა.
"საზოგადოების დიდი ნაწილი, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას, მათ შორის მინიმუმ შედეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც. "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ 26 ოქტომბრამდე აკეთებდა ყველაფერს, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკურ ძალებში მყოფი აქტორები, საუბარია "გახარია საქართველოსთვის", რომელიც უფრო მეტად კონცენტრირებულია საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობაზე. მიხეილ სააკაშვილის ორ ბანერს თუ ვერ ერევა ზოგი პარტია და მათი წარმომადგენლები, ქართულ პოლიტიკაში ნუ იქნებიან. ეს ისტერიკა ემსახურება ერთადერთ რაღაცას, რომ თემა გადაიტანონ. მაგალითად, პრეზიდენტის სიტყვა და ის გზავნილები, რომელიც საზოგადოებას უნდა მიეღო და ვერ მიიღო, ამის დაბრალება რომ გუშინ იქ მიხეილ სააკაშვილის ორმა ბანერმა შეუშალა ხელი საზოგადოების კონსოლიდაციას, არის სისულელე და სიბრიყვე," - აცხადებს ლევან სანიკიძე.