02 აპრილი 2025,   20:27
ვრცლად
პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი", FARA-ს კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, კენჭი უყარა და დაამტკიცა რამდენიმე კანონპროექტი. მათ შორის ამერიკული "ფარას" ზუსტი ასლი. მიღებულ კანონს "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" ეწოდა.

"კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები და წესრიგდება მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები, განისაზღვრება სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი. ასევე, უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის და სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; განისაზღვრება უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესი და უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; წესრიგდება უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო.

პარლამენტმა ასევე მიიღო "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებიც, რომელსაც 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტი ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით, ახალ მოთხოვნებს და სტანდარტებს ითვალისწინებს. მათ შორის არეგულირებს ფეიკნიუსების გავრცელებას. მაუწყებლებს კი უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს.

დღესვე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს რომელიც, საჯარო სამსახურში სხვა ორგანიზაციებისგან სარგებლის მიღებას ზღუდავს, ასევე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სამშობლოს ღალატის მუხლი აღდგა.

დღის ამბები