02 აპრილი 2025,   20:54
ვრცლად
2007 წელს სამშობლოს ღალატის მუხლი საკანონმდებლო ჩარჩოდან გააქრო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მას ტექნიკური საკითხი უწოდა - რაც მათთვის ტექნიკური საკითხია, ჩვენთვის არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნების შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2007 წელს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამშობლოს ღალატის მუხლი საკანონმდებლო ჩარჩოდან გააქრო და მას ტექნიკური საკითხი უწოდა. ამ მუხლის დაბრუნებით კი, იონათამიშვილის თქმით, სახელმწიფოს შიდა საფრთხეებისგან დაცვის შესაძლებლობა ჩნდება, რაც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

"გუშინ იყო 31 მარტი, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ამავდროულად, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც დაედო საფუძვლად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ამ ყველაფერს პარალელს ვავლებ იმისთვის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი იყო პირველი ინიციატივა,რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მიიღო.
შემდეგ, 2007 წელს ვიცით, რომ ეს მუხლი საკანონმდებლო ჩარჩოდან გააქრო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მაშინ მას ტექნიკური საკითხი უწოდა. რაც მათთვის ტექნიკური საკითხია, ის ჩვენთვის არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ამ მუხლის საკანონმდებლო ბაზაში, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნებით, ჩვენს სამშობლოს შიდა საფრთხეებისგან დავიცავთ, ვინაიდან, სამშობლოს ღალატის დროს, ზიანი ადგება არა ერთ კონკრეტულ პირს, არამედ, მთლიანად საზოგადოებას, სახელმწიფოს, სამშობლოსა და თაობებს. ამიტომ, ამ მუხლის დაბრუნება არის უმნიშვნელოვანესი სწორედაც რომ ჩვენი სუვერენიტეტისა და თავისთავადობის განმტკიცების პროცესში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები