02 აპრილი 2025,   20:42
ვრცლად
ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, 17 წელი გავიდა, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ნატოს მხარდაჭერა შემცირდა - ნიკოლოზ სამხარაძე

ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, 17 წელი გავიდა, შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში ნატოს.

"ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა [როგორც ევროკავშირს], მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით. მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე - გავიდა 17 წელი - ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოხდება იგივე ევროკავშირთან მიმართებით უახლოეს მომავალში, დეპუტატი ამბობს, რომ თუ ევროკავშირი არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოსთვის, საზოგადოება ლოდინით დაიღლება.

"თუ მომდევნო 15 წელიწადში ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი“,- აღნიშნა სამხარაძემ.

დღის ამბები