
იმისათვის, რომ საკუთარი გრძნობები ტილოზე გადმოიტანოს, სამყაროს ყველა ფერს, ფორმასა და ემოციას აერთიანებს - ეს თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული არტისტის კარინა ლუმიერის შემოქმედებაა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ისრაელელი არტისტის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
"ფერის, სინათლისა და მედიტაციის ანარეკლი" - სწორედ ამ სახელწოდების ქვეშ მხატვარმა სხვადასხვა დროსა და სივრცეში შექმნილი 20-ზე მეტი ტილო გააერთიანა.
კარინა ლუმიერის შემოქმედებას თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში კარგად იცნობენ, მისი ნამუშევრები გამოფენილი არაერთ ქვეყანაში იყო, ამჯერადაც, ექსპოზიციას თბილისის შემდეგ ნიუ-იორკი უმასპინძლებს.
მხატვარი უკვე ხუთი წელია, რაც საკუთარი შემოქმედებით ეგზისტენციალურ საკითხებს იკვლევს და საზოგადოებას უზიარებს. მისი ნამუშევრების მთავარი იდეა ხელოვნების საშუალებით საკუთარი თავის აღმოჩენა და ცხოვრებასთან დიალოგია, რაც დამთვალიერებელზე განსაკუთრებულ
შთაბეჭდილებას ახდენს.
პერსონალურ გამოფენას, რომელიც 27 მარტს გაიხსნა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიცია 10 აპრილამდე დარჩება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი