
აგვისტოს ომი და ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მძიმე მოვლენებზე, საგამოძიებო კომისიის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ. მათ შორის, არსებობდა თუ არა სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა, რა გაკეთდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის და რა ნაბიჯებს დგამდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დასაცავად. კითხვების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მაშინდელი სამშვიდობო შტაბის უფროსი იყო. მამუკა ყურაშვილის გარდა, 2004-2008 წლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომისიამ, გიორგი ხაინდრავას, ირაკლი ბათიაშვილს და გიორგი ვოლსკის მოუსმინა.
ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის. მმართველი გუნდის ოპონენტები, საგამოძიებო კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებენ. ამბობენ იმასაც, რომ წლების წინ განვითარებულ მოვლენებზე, ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებულია.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთა, რომელიც მაშინდელი მაღალჩინოსნების არაერთ დანაშაულზე მიუთითებს.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" წევრები გამოჰკითხეს. პარტიის წარმომადგენლებმა მაგისტრ მოსამართლეს განუმარტეს, თუ რატომ არ ჩაიბარეს ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას ეხებოდა. მმართველ გუნდიდან ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა კანონდარღვევაა და ყველა გადაცდომას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
საგამოძიებო კომისიის შესახებ, ოპოზიციის შეფასებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, მუშაობის დასრულების შემდეგ, მტკიცებულებებს, საგამოძიებო უწყებებს გადაუგზავნის.