
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შედეგის მიღწევისა და აღნიშნული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ.
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება უსურვა.
საქართველოს ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცეს.