
"ვფიქრობ, საქართველო დამალული საგანძურია. ბევრი მაქვს წაკითხული საქართველოზე. ყურის ქვეყნებიდან და განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბევრი ვიზიტორის გამოხმაურებას გავეცანი, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოში - მათ მოეწონათ ბუნება, ხალხი, ადგილობრივი სამზარეულო, ისტორია, ზღვა. შემდეგ, მქონდა პატივი და მიმიწვიეს ამ ქვეყანაში სტუმრად, რაც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი გახდა", - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალაბარმა.
მის მიერ დაფუძნებული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც შექმნილია მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით.
მოჰამედ ალაბარის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მეგობრულია და მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობას.
"დაახლოებით 20 ქვეყანაში ვსაქმიანობ და ვხედავ, რომ საქართველოში ყველა მაჩვენებელი კარგია. თქვენი ქვეყანა განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია. ჩვენ გვაქვს სპეციალური ფორმულა, რომელიც კარგად ერგება ბათუმს. თუ გადახედავთ ბათუმის ზრდას ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ის ძალიან საინტერესო ცენტრი ხდება. იმედი მაქვს, რომ იმით, რასაც ვაკეთებთ, როგორ ვაშენებთ საცხოვრებელ ცენტრებს, სასტუმროებსა და პარკებს და სხვა, შევძლებთ განსაკუთრებულობა შევმატოთ მას და ნამდვილად მჯერა, რომ ის შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი გახდება", - აღნიშნა Emaar Properties/Eagle Hills-ის დამფუძნებელმა.
Emaar-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების, განსაკუთრებით, დუბაის ეკონომიკურ წინსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის სახელს უკავშირდება ისეთი გრანდიოზული პროექტების განვითარება, როგორიცაა მსოფლიოს უდიდესი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, ელიტარული დასახლება დუბაი მარინა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში და სხვა.
საქართველოთი „Emaar“ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და დაახლოებით ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალური შესწავლის შემდეგ, საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში 2025 წლის 27 იანვარს მოეწერა.
როგორც მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც Emaar და Eagle Hills- ი საქმიანობს, პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი კადრებია ჩართული. მისი თქმით, ასე იყო ალბანეთში, სერბეთში, ლატვიაში, ეგვიპტეში, მაროკოში, ინდოეთში, საუდის არაბეთსა და უნგრეთში. „ჩვენი სამუშაოს 100% ადგილობრივი ხალხის, ადგილობრივი კომპანიებისა და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მიერ ხორციელდება", - აღნიშნა Emaar Properties/Eagle Hills - ის დამფუძნებელმა.