10 მარტი 2025,   01:16
ვრცლად
ხელშეკრულება გავაფორმეთ თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი - დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჩარიარ ჩეტიევთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა "საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მინისტრმა ორ სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

"თურქმენეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამის გამოყენება, განსაკუთრებით შუა დერეფნის ფარგლებში, მნიშვნელოვანია. დღეს ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის. ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. ორმხრივი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავზარდოთ აგროსასურსათო ექსპორტის პოტენციალი, რომელიც ძალიან დიდია ამ ქვეყანასთან მიმართებით, და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა", – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

"საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება მოიცავს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობისა და გადაადგილების სფეროში თანამშრომლობის ზოგადი პირობების განსაზღვრას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის ფიტოსანიტარიულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ერთმანეთის ინფორმირებას. ამასთან, დოკუმენტის შესაბამისად, ორივე ქვეყანა აღიარებს ტერიტორიების დაცვის მნიშვნელობას საკარანტინო მავნებლების შეღწევისა და გავრცელებისგან.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის დედაქალ აშხაბადში მთავრობის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

დღის ამბები