01 თებერვალი 2025,   19:55
ვრცლად
"მსგავსი ტიპის რეზოლუციებზე მუშაობს არა 5 ან 6 ადამიანი, არამედ ეს არის ერთობლივი მუშაობს შედეგი" - ირაკლი ფავლენიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია თბილისში ისევ განხილვის თემაა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე მოვლენებს პირადად აკვირდებოდა, ამბობს, რომ უკრაინის დელეგაცია მხარს უჭერდა რეზოლუციის პროექტს, თუმცა მათი მონაწილეობა იყო მინიმალური. 

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა მიიღეს, არის ყველაზე დიდი სამი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი.

"ეს რეზოლუცია მიიღო 46 ქვეყნის წარმომადგენლებმა. სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, სოციალისტების, ლიბერალების და იპპ-ის. ასევე, კონსერვატორების და მემარცხენე ჯგუფების გარკვეულმა წარმომადგენლებმა. უკრაინელები, რა თქმა უნდა, უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიას მხარს, მაგრამ მათი მონაწილეობა იყო მინიმალური. კენჭისყრაზე ალბათ იყვნენ, მაგრამ რასაც ვხედავდით ჩვენ, უკრაინული დელეგაცია უფრო დაკავებული იყო თავისი საქმეები და უკრაინაში არსებული პრობლემებით," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუცია ეს არის ერთობლივი მუშაობს შედეგი. 

"ეს რეზოლუცია მიიღო არა ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არამედ მიიღო მთელმა საპარლამენტო ასამბლეამ და აქვს კონკრეტული ახსნა ამ გადაწყვეტილებას. მსგავსი ტიპის რეზოლუციებზე მუშაობს არა 5 ან 6 ადამიანი, არამედ ეს არის ერთობლივი მუშაობს შედეგი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

დღის ამბები