მმართველი გუნდი ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და იმ დათქმებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის პროექტშია წარმოდგენილი.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება მათთვის წითელი ხაზია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები უკვე შედგა.
"ვიხილეთ, რომ განიხილებოდა ორი სხვადასხვა ვერსია. ერთი იყო, რომ ეს ოპოზიციის სურვილი და ნატვრა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ იქ მეორე ვარიანტი დაიდო მაგიდაზე, რაც შეეხება აკრედიტაციის გაცემას, ოღონდ რაღაც კონკრეტული დათქმების მიხედვით. ეს დათქმები შედგება რამდენიმე პუნქტისგან. მაგრამ ყველაზე წითელი ხაზი ჩვენთვის არის რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებულია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ეს არის გამორიცხული და ქალბატონმა თეა წულუკიანმა ღია და დახურულ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღნიშნა ყველასთან, რადგან საქართველოში არჩევნები შედგა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
რა პირობებით დარჩება საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - ამ თემაზე გადაწყვეტილება სტრასბურგში დღეს უნდა მიიღონ. საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრას გამართავს. ქართული ოპოზიციის მოთხოვნა ასამბლეის დღის წესრიგში EPP-ის წარმომადგენელმა ორი დღის წინ, ზამთრის სესიის გახსნაზე დააყენა.