30 იანვარი 2025,   21:34
ვრცლად
"ქართველი ხალხი ამაყია - ულტიმატუმის ენით საუბარსა და შანტაჟს ვერ აიტანს" - ვახტანგ ჩოჩია

"ვიდრე გაგრძელდება საქართველოსთან, არა როგორც პარტნიორთან, არამედ, როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი მისთვის მიუღებელია.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ქართველი ხალხი არის ამაყი ხალხი, რომელიც ვერ აიტანს ულტიმატუმის ენით საუბარს, ვერ აიტანს შანტაჟს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დროებით აჩერებს მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ ევროპის საბჭომ დღეს კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია. ვიდრე გაგრძელდება საქართველოსთან, არა როგორც პარტნიორთან, არამედ, როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა განმარტა, საქართველო, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და დელეგაციის წევრები მხოლოდ მას შემდეგ განაახლებენ ასამბლეაში მონაწილეობას, როგორც კი შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.

114 ხმით 13-ის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. PACE თბილისს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ასამბლეამ გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოეხდინა 2025 წლის აპრილამდე, თუმცა - გარკვეული პირობებით.

დღის ამბები