დედაქალაქში მალე 70. 000 ადამიანზე გათვლილი და UEFA-ს უმაღლეს სტანდარტებზე მორგებული ახალი სტადიონი აშენდება.
სტადიონის კონცეფცია და სპორტის რეფორმის საკითხი დღეს დარგის წარმომადგენლებთან მთავრობის მეთაურმა განიხილა. შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და სპორტული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მრავალფუნქციური კომპლექსი არსებული კონცეფციის თანახმად სპორტის სხვადასხვა სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. მთავარი კი ის არის რომ ახალი სტადიონი საქართველოს ისეთი უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს, როგორიც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალია.
პრემიერ-მინისტრსა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.
სპორტის სფეროს ყოფილი და მოქმედი წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მათივე თქმით ახალი სტადიონის აშენება, როგორც ქართული რაგბის ასევე ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს და ქვეყანას იმ საერთაშორისო პროექტებში ჩართვის საშუალებას მისცემს, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ იგეგმება.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება რეგიონებშიც. სპორტული ინფრასტრუქტურა განახლდება და ახალი სტადიონები აშენდება 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში.
საქართველოს მასშტაბით სპორტის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დედაქალაქში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს, ხოლო სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.