30 იანვარი 2025,   18:29
ვრცლად
სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები კვლავ მიმდინარეობს - რას ითხოვენ ასამბლეის ევროპელი წევრები

უკვე თითქმის ორი საათია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს. სწორედ ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს შეუჩერდება თუ არა ქართულ დელეგაციას პირველად ბოლო 26 წლის განმავლობაში უფლებამოსილება ან თუ შეუნარჩუნდება რა დათქმებით.

ასამბლეის ევროპელი წევრები საქართველოს მთავრობისგან საარჩევნო რეფორმების დაუყოვნებლივ გატარებას და გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და დემონსტრანტებზე მოძალადე პირების დასჯას. სტრასბურგში იმყოფება "ქართული ოცნების" დელეგაციაც და ოპოზიციაც, თუმცა მმართველი გუნდისგან განსხვავებით ხელისუფლების ოპონენტები პროცესს საპარლამენტო ასამბლეის დერეფნიდან აკვირდებიან. "ოცნების" გაცხადებული პოზიციაა, რომ ახალი არჩევნების დათქმის სახით ჩაწერა მათთვის წითელი ხაზია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ლატვიელი დეპუტატი, მონიტორინგის კომიტეტის წევრი ზანდა კალნინა-ლუკაშევიცა:

"დემოკრატიულ საზოგდოებაში, რომელიც ასეთ ღრმა სოციალურ კრიზისშია და სოციალური კონტრაქტი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის დარღვეულია, ადეკვატური პასუხი არის დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა, ცხადია, რომ არჩევნების ისეთივე პირობებში ორგანიზება, როგორც ეს იყო 2024 წლის ოქტომბერში, ამ ასმბლეის საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში მოცემული სერიოზული ხარვეზების გადაჭრის გარეშე, არ მიგვიყვანს დემოკრატიულ არჩევნებამდე და ვერ გადაჭრის სოციალურ კრიზისს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ წამოიწყონ ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარის, სოციალური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რათა სასწრაფოდ გადაიჭრას აღნიშნული ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას, ჩატარდეს ზოგადად დემოკრატიული ახალი არჩევნები, რომელიც უნდა გამოცხადდეს მომდევნო თვეებში,"- აღნიშნა მან. 

 

დღის ამბები