ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის და მას სოლიდარობას უცხადებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ ბათუმელებისა და "ნეტგაზეთის" მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელსაც დიპლომატებთან ერთად პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. დიპლომატები მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ ბრალს და წინასწარ პატიმრობას გადაჭარბებულს და გაუმართლებელს უწოდებენ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქმედება, რის გამოც ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაშია, ევროპის ქვეყნებში უფრო მკაცრად ისჯება. უმრავლესობა ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ამბობს, რომ დიპლომატები დაკავებულის პოლიტპატიმრად წარმოჩენას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციაზე თავდასხმა დაგმონ.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის გათავისუფლებას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვენ მზია ამაღლობელის კოლეგები. ისინი დღეს მიხეილ მესხის სტადიონთანაც მივიდნენ, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ჟურნალისტების განცხადებით, ბათუმელების რედაქტორის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რადგან ის უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
ამაღლობელისთვის შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას არაადეკვატურს, წარდგენილ ბრალს კი გადაჭარბებულს უწოდებენ ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ ჩადენილ ქმედებას პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია არ უნდა მიენიჭოს.
"ქართული ოცნება" მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ძალების ინტერესზე მიუთითებს, რომელიც მათივე განმარტებით, ხელოვნური პოლარიზაციის მორიგ მცდელობას უკავშირდება. უმრავლესობა ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად და სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.