30 იანვარი 2025,   18:30
ვრცლად
ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, ტურისტული პოტენციალის გაზრდა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება - EMAAR ჯგუფი საქართველოში $6 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება - ყველაფერი ეს იმ ახალი ისტორიის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში ერთ ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის საქართველოში შემოსვლით დაიწყება.

"ემაარ ჯგუფი" თბილისსა და აჭარაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აბუ-დაბიში გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლები უპრეცედენტოს უწოდებენ. ამბობენ, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება საქართველოს დეველოპერულ სექტორს ახალ დონეზე აიყვანს, ამის საფუძველს კი მათ იმ ქვეყნების მაგალითი აძლევთ, რომლებშიც "ემაარ ჯგუფ" უკვე წარმატებით ოპერირებს.

35 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია 15 ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორისაა უნგრეთი, სერბეთი და მონტენეგროც. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ბურჯ ხალიფას შემქმნელები საქართველოში კი, მულტიფუნქციური დანიშნულების პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საცხოვრებელი და სავაჭრო სივრცეებით, სასტუმროებითა და პარკინგის ზონებით.

მკაფიო მესიჯი პოტენციური ინვესტორებისთვის - ასე აფასებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები "ემაარ ჯგუფის" საქართველოში შემოსვლას და მოლოდინი აქვთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოპერული კომპანია საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

1 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ საინვესტიციო შეთანხმებას, ხელი გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობასა და ღირებულებებზე დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მრავალმილიარდიან ინვესტიციაზე შეთანხმებამ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაანათა. უკვე ალაპარაკდა მსოფლიო პრესაც. გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა "ბლუმბერგი", "ეკონომი" და "ეი ჯი ბი აი" იმ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე წერენ, რომელიც თბილისსა და გონიოში განხორციელდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები