საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების საკითხის ცნობა და მოწოდება ახალი არჩევნებისკენ პირდაპირი ჩარევაა შიდა საქმეებში და დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს აქ ვხედავთ ვითარებას, რომელიც არ პასუხობს იმ ღირებულებებს, რომელიც ევროსაბჭოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების საკითხის ცნობა და მოწოდება ახალი არჩევნებისკენ პირდაპირი ჩარევაა შიდა საქმეებში და დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე.
ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. ფაქტები არჩევნების შესახებ თავად საუბრობენ საკუთარ თავზე. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნით საქართველოში კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული არჩევნები ჩატარდა. განსხვავება გამარჯვებულ "ქართულ ოცნებას" შორის და მეორე ოპოზიციურ პარტიას შორის 43 პროცენტია. ოპოზიციას 25 ათასი დამკვირვებელი ჰყავდა. მათმა უმრავლესობამ საბოლოო ოქმებს ხელი მოაწერა. მხოლოდ 9 მ გამოხატა უთანხმოების პოზიცია, საბოლოო პროტოკოლთან დაკავშირებით.
ამ არჩევნებზე წინა არჩევნებთან შედარებით, ორჯერ ნაკლები საჩივარი იყო შესული. ელექტრონული მანქანები ხმის მიცემისას გამოიყენა ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა, ამ ელექტრონულ მოწყობილობებს აუდიტი ჩაუტარა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. დასკვნამ ხაზი გაუსვა, რომ მოწყობილობები შეუფერხებლად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობდა. ამ დასკვნას მხარი დაუჭირა გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიების შედეგებმაც. სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესობამ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულების მიწოდება არჩევნების გაყალბების შესახებ. მათი არგუმენტები ეფუძნებოდა მხოლოდ მესამე მხარის მიერ მოწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ისინი აპელირებდნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ხოლო ცალკეულმა საქმის მოწმეებმა გამოძიებას უთხრეს, რომ არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები პრევენციული ხასიათის იყო და არ შეიცავს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას; ოპოზიცია არჩევნების შედეგებს მეცხრედ არ ცნობს, პარლამენტში არ შედიან, თუმცა 4 ოპოზიციური პარტიიდან 3-მა ოქტომბრის არჩევნების შედეგებით სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რაც 120 ათასი ევროა თვეში. ჩემი გამოსვლის დასასრულს მინდა მოვიყვანო საქართველოს ომბუდსმენის ციტატა, რომელმაც თქვა: "350 ათასი ხმის გაყალბება ერთ დღეში ისე, რომ ვერავინ გაიგოს, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. თუ ასეთი რამ მოხდა, ამის მტკიცებულებები უნდა ინახოს. მზად ვარ შევცვალო ჩემი პოზიცია, თუ ამის მტკიცებულებას ვნახავ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალზედ უსამართლო იქნებოდა ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების გაუქმება ან თუნდაც მიუღებელი პირობებით გაუქმება. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეთანხმების საფუძველზე 2024 წლის დეკემბრიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, ვიდრე რწმუნებათა სიგელების გაუქმება, იქნება უმრავლესობის ნების იგნორირება.
ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობას და ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითად ღირებულებებს,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.